ინფლაცია

საქართველოს ეროვნული ბანკი: მაღალი ინფლაციის დონე წლის ბოლომდე შენარჩუნდება

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის ვარაუდით, მაღალი ინფლაციის დონე წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო შემცირებას ის 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. 

სებ-ის განმარტებით, ინფლაცია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ფასების ზრდის ტრაექტორიამ ბევრ ქვეყანაში პროგნოზირებულს გაცილებით გადააჭარბა. 

აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ინფლაციის დონე 10 წლის ყველაზე მაღალ, 12.8%-იან ნიშნულზეა. 

"ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს, ძირითადად, კვლავ ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ფაქტორები განაპირობებს. წინასწარი შეფასებით, მსგავსი ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია. 

მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

მიმდინარე პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს". – წერია სებ-ის განცხადებაში. 

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, განაკვეთი 10%-ს შეადგენს. 


მაღალი ინფლაციის ფონზე, საქართველოში ცხოვრების ღირებულება ძვირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, წინა თვესთან შედარებით, 2.8 ლარით გაიზარდა და 221.1 ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული ნიშნულია. 

საარსებო მინიმუმის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება, რაც, გარკვეულწილად, ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება.

კომენტარები