ძალადობა ჟურნალისტებზე

ბოკერია: ივანიშვილის ძალისგან მომავალი საფრთხე ქვეყნის, მედიის, ხალხის წინააღმდეგ მზარდია

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქარელში ქართული ოცნების შტაბიდან მთავარი არხის ოპერატორის გადმოგდების ფაქტი ცხადყოფს, თუ როგორ იზრდება ივანიშვილის რეჟიმისგან მომავალი საფრთხე ქვეყნის, მედიის და ხალხის წინააღმდეგ.

“ის, რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორ სახიფათო ძალად იქცა ივანიშვილის მიერ შექმნილი მმართველი პარტია იმ ისტერიულ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი არიან, იმისდა მიუხედავად უშუალოდ დეტალურად როგორ მოხდა ოპერატორის ჩამოვარდნა, კიბიდან, თუ მეორე სართულიდან, ის, რაც ვიხილეთ ფიზიკური აგრესია, ზოგადად აგრესიული დამოკიდებულება და ფიზიკური ძალის გამოყენება, ივანიშვილის რეჟიმი ყოველ დღე გვიმტკიცებს, რომ იქცა ძალად, რომლიდან მომდინარე საფრთხეც ქვეყნის, მედიის და მოქალაქეების წინააღმდეგ მზარდია”. - თქვა გიგა ბოკერიამ.

დღეს, 16 სექტემბერს, მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ მისი არხის ოპერატორი გადაღებისას ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ადასტურებს მთავარი არხის ჟურნალისტებსა და ქართული ოცნების შტაბის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას, თუმცა ის ამბობს, რომ მთავარი არხის ოპერატორი შემთხვევით გადმოვარდა.

კომენტარები