ფარული მოსმენა

სუს-ი მიიჩნევს, რომ თეთრუაშვილი პატრიარქთან შეხვედრებს იწერს და რუსეთში გაგზავნას ცდილობს

ილია მეორე და შორენა თეთრუაშვილი

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი ყოველთვის ახდენს საპატრიარქოში მნიშვნელოვანი შეხვედრების ჩაწერას" - გავრცელებულ მასალებში სუს-ი მიიჩნევს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი ყოველთვის იწერს საპატრიარქოში მნიშვნელოვან შეხვედრებს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისას.

გავრცელებულ მასალებში ასევე ვკითხულობთ, რომ შორენა თეთრუაშვილი ცდილობს აუდიო-ვიდეო ჩანაწერების რუსეთში გაგზავნას და საპატრიარქოს ფონდის მმართველი საბჭოს წევრ გიორგი ანდრიაძესთან ერთად, მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის შეგროვებას.

"დაფიქსირდა, რომ თეთრუაშვილი აგროვებს საპატრიარქოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრების პატრიარქთან შეხვედრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს და ცდილობს მათ გაგზავნას რუსეთში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დეკანოზ ბიძინა გუნიას მეშვეობით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თეთრუაშვილი გიორგი ანდრიაძესთან ერთად, გეგმავს საპატრიარქოს კუთვნილ ლაზი სტუმრებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ სახლში მოსასმენი მოწყობილობის დაყენებას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ანდრიაძე და თეთრუაშვილი ცდილობენ, ზემოხსენებულ სახლში მცხოვრებ ლაზებზე და სხვა პირებზე შეაგროვონ მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია".- ვკითხულობთ მასალებში.

ამასთან ერთად, სუს-ი მიიჩნევს, რომ შორენა თეთრუაშვილს რუსეთის ეკლესიასა და პოლიტიკასთან უშუალო კავშირი არ აქვს, თუმცა მისი გავლენის ქვეშ მყოფი სასულიერო პირები აქტიურად თანამშრომლობენ რუსეთის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებთან.

საუბარია 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებზე, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები