ფარული მოსმენა

არქიმანდრიტი ბართლომე: სუსის მოვალეობაა უსმინოს და დაიცვას ქვეყანა, ხმას ოცნებას ვაძლევ

fb.com/bartlome.pircxalashvili

არქიმანდიტი ბართლომე ფირცხალაშვილი 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ეხმაურება, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მოპოვებულ ინფორმაციას ასახავს. 

მისი თქმით, სუსის მოვალეობაა უსმინოს მოქალაქეებს და დაიცვას ქვეყანა. მისივე თქმით, ის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმას კვლავ ქართულ ოცნებას აძლევს. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობაა, უსმინოს და დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება, ალბათ, შეიძლება გვისმენდნენ და მე ახლოს ვარ იმ აზრთან, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. 

თუ ვინმეს დააინტერესებს ვის ვაძლევ ხმას, ისევ ქართულ ოცნებას, რომ ის გადმონაშთი მომსმენი ხალხისა იქნებ საბოლოოდ აღმოიფხვრას". - ამბობს არქიმანდრიტი ბართლომე. 

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ეს ჩანაწერები ახლანდელი ხელისუფლების დროს არის გაკეთებული, არქიმანდრიტი პასუხობს: "გასაგებია, ქართული ოცნების დროს რომ არის, კოჰაბიტაციის შედეგია". 

რაც შეეხება, გავრცელებული მასალების ჩანაწერებში მოცემულ ერთ-ერთ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილთან ის, პატრიარქის შემცვლელის ვინაობას განიხილავდა, არქიმანდრიტი ამბობს, რომ სიცრუეა. 

"ეს ტყუილია აბსოლუტურად, აქ იყო ესეთი რამ, როცა უწმინდესი ცუდად იყო, ამ კაცმა იცოცხლოს ასი წელი, მაგრამ მას უჭირავს სამშობლოს იდეა და მომავალში ვინც იქნება იმასაც უნდა ეჭიროს სამშობლოს იდეა. მეტი საუბარი არ ყოფილა". - ამბობს არქიმანდრიტი ბართლომე. 


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რადგან ისინი აზიანებენ სამსახურის პატივსა და ღირსებას.

კომენტარები