ფარული მოსმენა

ლილუაშვილი ფაილებზე: მოვითხოვთ ლომჯარიას ჩართვას და საგამოძიებო კომისიის შექმნას

ბექა ლილუაშვილი

პარტია საქართველოსთვის წევრი, ბექა ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაში სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

ამასთან ერთად, პარტია საქართველოსთვის ასევე მოითხოვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

"ოცნების ხელმძღვანელების განცხადებებში, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური ოპონენტების უტიფრად დადანაშაულებას, ნათლად აჩენს ამ მძიმე რეალობას, აშკარაა, რომ ოცნება ისევ პარტიული ინტერესებით მოქმედებს და არ სურს რეალური ჭეშმარიტების დადგენა, შესაბამისად, ერთის მხრივ, მოვითხოვთ პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაში ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, მეორე მხრივ საპარლამენტო მანდატის ფარგლებში, მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები". - ამბობს ბექა ლილუაშვილი. 

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები