ფარული მოსმენა

GDI: იურიდიულ დახმარებას ვთავაზობთ ყველას, ვინც სუს-ის უკანონო ჩანაწერებში ფიგურირებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებს და დახმარებას სთავაზობს მათ, ვინც სუს-ის უკანონო ჩანაწერებში ფიგურირებს.

"როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ათასობით ფაილში ფიგურირებს არაერთი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და სხვა პირი, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ფარული მიყურადება და მოსმენა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად დასჯადია  პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.  ამასთან 158-ე მუხლის თანახმად პასუხისმგებლობის საფუძველია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაც. შესაბამისად, გავრცელებული მასალა, რომლის მოპოვებაც დიდი ალბათობით სწორედ უკანონოდ მოხდა, გამოძიების დაწყების საფუძველია.

GDI მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ პირს ინდივიდუალური განცხადების მომზადებაში და გაუწიოს კონსულტაცია". - ვკითხულობთ GDI-ის განცხადებაში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები