გენდერული კვოტირება

საკონსტიტუციო სავალდებულო კვოტების შესახებ თავისუფლების ინსტიტუტის სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო სავალდებულო კვოტების შესახებ თავისუფლების ინსტიტუტის სარჩელს განიხილავს.

თავისუფლების ინსტიტუტის იურისტის, გვანცა კვარაცხელიას განმარტებით, მათი საჩივარი ეხება, საკრებულოში კვოტების დაწესების წესს, რაც ორგანოში ყოველი მესამე ქალის ჩასმის ვალდებულებას გულისხმობს. 

"წინა ჩვენი სარჩელი ეხებოდა პარლამენტში კვოტირებას, ეს ეხება საკრებულოში კვოტების დაწესებას. ეს საერთოდ სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოებია, თავად კვოტების ინტენსივობაც არის განსხვავებული და მეორე, ინტენსივობა არის უფრო ინტენსიური, საუბარია ყოველ მესამე განსხვავებული სქესის ჩასმაზე. 

ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-8 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პარტია, მაგრამ იქვე შეზღუდვას აწესებს, რომ წარდგენილ სიაში ყოველი მესამე სამი კანდიდატიდან, ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ეს მუხლი ერთი მხრივ დეკლარირებას აკეთებს უფლებამოსილების, რაც ისედაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილებაა პარტიის, რომ თავად განსაზღვროს პარტიის შედგენის წესი და მეორე მხრივ, იქვე აკეთებს შეზღუდვის დანაწესს, რომ ამ სიაში სქესის საფუძველზე შეზღუდვას აწესებს. 

მეორე მუხლი არის 203-ე მუხლის მე-9 პუნქტი, რომელიც უკვე სანქციას გვიწესებს, იმ შემთხვევაში თუ პარტიულ სიას ისე არ წარადგენს როგორც კანონმდებელმა ჩაუწერა, ასეთ შემთხვევაში კი ცესკო ასეთ სიას რეგისტრაციაში არ გაატარებს, ანუ უმძიმესი სანქცია არის პარტიისთვის დაწესებული, რომ არჩევნებში ვერ მიიღოს მონაწილეობა". - ამბობს კვარაცხელია. 


2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც მათ შორის, გენდერულ კვოტირებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. ხოლო 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში კი - პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მითითებულ იყოს მინიმუმ ყოველ მესამე კანდიდატად. 

კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ამას ფარისევლობად აფასებდა.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილმა პარტია გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორმა მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა და ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი გამოხატა

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო სავალდებულო კვოტირების წესი. როგორც მოსამართლეები წერენ, კოლეგებმა საერთოდ არ შეაფასეს, რა გავლენას ახდენს სადავო რეგულირება ხალხის მიერ თავისუფალი არჩევანის რეალიზებაზე. 

კომენტარები