არჩევნები 2021

სამოქალაქო კომისია: 25 მუნიციპალიტეტში საარჩევნო სიაში მყოფი 683 მოქალაქე გარდაცვლილია

სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების მოწესრიგებულობა შეისწავლეს. ორგანიზაციამ 25 მუნიციპალიტეტისგან გამოითხოვა ინფორმაცია საარჩევნო სიებში 1930 წლამდე დაბადებული მოქალაქეების შესახებ. სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ 25 მუნიციპალიტეტში, 1930 წლამდე დაბადებული 1 311 მოქალაქე 12 აპრილის მდგომარეობით გარდაცვლილია, მათი 52% – 683 მოქალაქე კვლავ ერთიან საარჩევნო სიაშია რეგისტრირებული. 

"საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ პრობლემის მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტისგან, 1930 წლამდე დაბადებული და დღეის მდგომარეობით გარდაცვლილი პირების შესახებ. საქართველოში კი სულ 73 მუნიციპალიტეტია. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბს მიაღწევს გარდაცვლილი მოქალაქეების რაოდენობა ამომრჩეველთა სიაში თუ გადამოწმდება 73-ვე მუნიციპალიტეტში ინფორმაცია იმ გარდაცვლილი პირების შესახებ, რომლებიც 1930 წლის შემდეგ დაიბადნენ". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ტიპის ინფორმაციას მუნიციპალიტეტები მუდმივად აწვდიან იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო იუსტიციის სამინისტრო აწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ამის მიუხედავად კი პრობლემა წლებია მოუგვარებელია.

"ვფიქრობთ, ასეთი საგანგაშო მაჩვენებელი მიუთითებს არჩევნების პოტენციური გაყალბების მასშტაბზე და მოვუწოდებთ საარჩევნო კომისიას, დროულად იმოქმედოს საარჩევნო სიების შესასწორებლად და არჩევნებში ჩართულ ყველა აქტორს, დაინტერესდნენ ამ საკითხით". – ნათქვამია განცხადებაში.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები