თბილისის მერი და ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 4 ტელევიზიის მიერ ორგანიზებულ მერების დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
მისი განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ეს ტელევიზიები მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ცილისწამებით არიან დაკავებულები.
"მე არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან მე არასდროს თქვენთვის მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ". - ამბობს კალაძე.
მისივე თქმით, ის მზადაა ყველა კანდიდატთან ერთობლივ დებატებში მიიღოს მონაწილეობა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
"18-ვე თუ 16-ვე იყოს წარმოდგენილი, ნეიტრალურ ტელევიზიაში, პირველ არხზე და თანახმა ვარ. ისინი სხვებისგან არაფრით განსხვავდებიან, არც რეიტინგებით და არაფრით განსხვავდებიან ჩემთვის". - ამბობს კალაძე.
ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ოპონენტები თვლიან, კალაძეს ეშინიაო, მერი ირონიულად პასუხობს: - "შიშით ფეხები მიკანკალებს".
ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და კავკასია თბილისის მერობის სამ კანდიდატს, რომლებიც ბოლო კვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ: კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას საჯაროდ იწვევენ დებატებში.
სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.
თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.





