საკონსტიტუციო ცვლილებები

დეკანოიძე: ცვლილებების ჩაგდებით ხაზი გაესვა – ევროპაში ჩვენს ადგილს ყოველდღიურად ვცილდებით

Khatia Dekanoidze / Facebook

"საქართველო ყოველდღიურად სცილდება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს". - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების მიერ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებასა და გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების დღის წესრიგიდან მოხსნას.

"საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, კერძოდ, პროკურორის არჩევის წესის ჩაგდებით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ, პრაქტიკულად, კანონის უზენაესობის სფეროში უმძიმესი გარღვევითა და ჩავარდნით საქართველო ყოველდღიურად სცილდება ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და იმ ადგილს, რომელიც არის ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში". - ამბობს დეკანოიძე. 

7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში სხვა პუნქტებთან ერთად ასევე უნდა ასახულიყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რაც ევროკავშირის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა".

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უარყოფითად შეაფასა გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების საკონსტიტუციო კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის მესამე წარუმატებლობაა ბოლო ორი თვის განმავლობაში. საქართველოში აშშ-ს საელჩომ კი ფაქტს ქართული ოცნების მიერ გატეხილი კიდევ ერთი პირობა უწოდა.


ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო უნდა ყოფილიყო პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დანიშვნები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

  • პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება;
  • ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან;
  • არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

კომენტარები