საკონსტიტუციო ცვლილებები

ზარქუა: პირდაპირ უნდა ითქვას, საელჩოების განცხადება გაუგებარია, რეალობას არის აცდენილი

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საკონსტიტუციო ცვლილებების დღის წესრიგიდან გენერალური პროკურორის არჩევის წესის საკითხის მოხსნის შესახებ საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.  მისი თქმით, საელჩოების განცხადება გაუგებარია და რეალობას არის აცდენილი. 

"ცოტა რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია საელჩოების განცხადება. უფრო მეტსაც გეტყვით, რეალობას არის აცდენილი. ეს უნდა ითქვას პირდაპირ. წავედით ამ დათმობაზე და 4-5 %-იანი ბარიერი ჩამოვწიეთ 2 %-მდე ხო. მხარი დავუჭირეთ. 

მეორე მიმართულება იყო ვთქვით, რომ მომდევნო 2 არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ესეც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო ჩვენი მხრიდან. 

მესამე მნიშვნელოვანი, ფრაქციის შექმნა 4 ადამიანსაც შეუძლია და ასე შევამცირეთ. ამის შემდეგ, როდესაც საელჩოების მხრიდან აქცენტირება კეთდება გენპროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით, რომელიც უნდა შემდგარიყო 2026 წელს, ახლა მე მგონია, რომ აცდენილები არიან".- ამბობს ზარქუა. 

7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში სხვა პუნქტებთან ერთად ასევე უნდა ასახულიყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რაც ევროკავშირის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა".

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უარყოფითად შეაფასა გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების საკონსტიტუციო კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის მესამე წარუმატებლობაა ბოლო ორი თვის განმავლობაში. საქართველოში აშშ-ს საელჩომ კი ფაქტს ქართული ოცნების მიერ გატეხილი კიდევ ერთი პირობა უწოდა.


ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო უნდა ყოფილიყო პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დანიშვნები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

  • პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება;
  • ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან;
  • არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

კომენტარები