ირანი

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტო: ირანმა ურანის მარაგები გააოთხმაგა

გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს [IAEA] ანგარიშის მიხედვით, ირანმა რადიოაქტიური ნივთიერების, ურანის გამდიდრების ტემპი მკვეთრად გაზარდა. 

მაისის მონაცემებთან შედარებით, თეირანის 60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგები გაოთხმაგებულია. ამ მოვლენას ატომური ენერგიის სააგენტო საგანგაშოს და შემაშფოთებელს უწოდებს. 

ექსპერტთა შეფასებით, ირანი ამჟამად 2 441 კილოგრამ ურანს ფლობს, რაც ე.წ. ირანის ბირთვული შეთანხმების [JCPOA] აშკარა დარღვევაა, რადგან შეთანხმების თანახმად, ირანს მხოლოდ 202 კილოგრამი რადიოაქტიური ნივთიერების ფლობის უფლება ჰქონდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტი ავივ კოჰავის თქმით, ისრაელის არმია ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო ქმედების გეგმებზე აქტიურად მუშაობს.

კოჰავის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები "საფრთხის მოახლოებას არ ელოდება. ის ემზადება, პირდაპირ ხვდება საფრთხეს, უვნებელყოფს და ამოძირკავს".

ირანის მიმართ ისრაელის მუქარა აქამდე, გასულ თვეებში, უცხოელ დიპლომატებთან თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმაც გააჟღერა. მისი თქმით, ისრაელს შესაძლოა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მეთოდების გამოყენება დასჭირდეს. 

"ისრაელის სახელმწიფოს აქვს ქმედების შესაძლებლობა და არ დაყოვნდება ამის გასაკეთებლად. არ გამოვრიცხავ შესაძლებლობას, რომ ისრაელს მომავალში მოქმედება მოუწიოს ირანის ბირთვული საფრთხის შესაჩერებლად". – ნათქვამი აქვს ბენი განცს.

ისრაელის წარმომადგენლების თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალების შემუშავებისგან 2 თვე აშორებს. კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება ბირთვული იარაღის სრულად შექმნას. ამ ეტაპზე, ირანი ურანის გამდიდრებას აგრძელებს და, როგორც ჩანს, ბირთვული მოლაპარაკებები ამ ეტაპზე არც თუ ისე წარმატებულად მიდის. უცნობია მოაწერს თუ არა ირანი ხელს ახალ შეთანხმებას.

კომენტარები