ვაქცინაცია საქართველოში

13 სექტემბრიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება, საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია

ორშაბათს, 13 სექტემბრიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ლატარიის კომპანია ყოველდღიურად, შემთხვევითი პრინციპით გაათამაშებს ფულად ჯილდოს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი 2 800 000 ლარია.

ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განმარტებით, ლატარია გათამაშდება ყოველდღიურად, წლის ბოლომდე. ასევე იქნება, ყოველკვირეული შემაჯამებული გათამაშება. მან აღნიშნა, რომ ლატარიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა აცრილი ადამიანი, მათ შორის - ერთჯერადად.

"100 ლარი და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარი. შემაჯამებელი გათამაშება იქნება წლის ბოლოს და საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი" - თქვა ღიბრაძემ და აღნიშნა, რომ სხვა დეტალებზე ლატარიის კომპანია გააკეთებს განმარტებებს.

კომენტარები