პოლიტიკური კრიზისი

პრეზიდენტი EU-ს სესხზე: აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა

გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება. 

ამ ნაბიჯის ეკონომიკური შედეგები, ამ სესხის აღება-არაღებით არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა. მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე, უცხოელი ინვესტორების განწყობაზე. როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში და ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განცხადების შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა.  

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 31 აგვისტოს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დახმარების გაცემას საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო ისედაც არ აპირებდნენ.

კომენტარები