კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: სანამ შემთხვევები არ განახევრდება, რთული იქნება ტრანსპორტის დაბრუნებაზე საუბარი

"ვიდრე არ გვექნება თუნდაც დღევანდელი შემთხვევების განახევრება, ძალიან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ დავაბრუნოთ თუნდაც ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა" - ამის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ილაპარაკა. მისი თქმით, ტრანსპორტი მაშინ აღდგება, თუ "სტაბილიზაციას შევინარჩუნებთ" და დღიური შემთხვევების რაოდენობა 2 000-ზე ნაკლები მაინც იქნება.

"თუ ჩამოვცდებით 2 000-ს მაინც, რაც ჩვენთვის პიკი იყო გასული ტალღის პერიოდში, აპრილ-მაისში, უკვე შესაძლებელია, რომ მეტად თამამად ვიფიქროთ ტრანსპორტის აღდგენაზე და შესაძლებელია, კიდევ სხვა სოციალური ღონისძიებების აღდგენაზეც, მაგრამ აქაც გარკვეული დათქმებით, რადგან ისევ რეგულაციის დაცვა, ვაქცინაციის სტატუსის მეტად აქტიური მონიტორინგი და ასევე, PCR ტესტირება იქნება ის აუცილებელი პირობები, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტად გავაქტიურდეთ" - ამბობს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, ტრანსპორტის გახსნისთვის ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა უნდა შემცირდეს.

"დღეს მაქსიმალურ დატვირთვაზეა ჰოსპიტალური სექტორი და ასეთი მაღალი ციფრები თუ კიდევ გაგრძელდა დიდი ხანი და იმისი რისკი, რომ თუ აღვადგენთ ტრანსპორტს დღეს-ხვალ, ისევ დაბრუნდება მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე არ გვექნება თუნდაც დღევანდელი შემთხვევების განახევრება, ძალიან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ დავაბრუნოთ თუნდაც ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა" - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

14 აგვისტოდან შემდეგ გაჩერებული მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 4 სექტემბერს უნდა აღდგენილიყო, თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდება. გადაწყვეტილება ეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსაც. ასევე, კერძო და სახელმწიფო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებს.   

ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 


ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, მთლიანად აგვისტოს თვეში კი - 1 631.

52 162 ჩატარებული ტესტიდან დადასტურდა 3 886 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია  7.45%, ბოლო 14 დღის - 9.99%, ბოლო 7 დღის - 9.36%.

კომენტარები