ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და 24-მა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ცესკოს ცნობით, მიზანი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან და ეთიკურ გარემოში ჩატარება.
კოდექსზე ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ. ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებას და საარჩევნო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით იქნებიან მიუკერძოებელნი, თავიანთ მოვალეობებს შეასრულებენ გამჭვირვალედ და ობიექტურად.
"დოკუმენტში თანაბრად არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელიც მხარეებისთვის იქნება შესასრულებელი. ასევე საუბარია დეზინფორმაციაზე, მიუკერძოებლობაზე, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ გვექნება ისეთი ფაქტები არც ერთი და არც მეორე მხრიდან, როცა მოგვიწევს ერთმანეთს ვუსაყვედუროთ ამ პრინციპების დარღვევის გამო,“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კოდექსზე ხელის მოწერის შემდეგ.
ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი დღეს ცესკოში მოეწერა. მისი ტექსტი მხარეებმა ერთობლივად შეიმუშავეს. დოკუმენტი ღიაა და მასზე ხელის მოწერა სურვილის შემთხვევაში ყველა იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას შეუძლია, ვინც 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის იქნება რეგისტრირებული.
"საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა საერთო არჩევნებზე გრძელდება" - აცხადებს ცესკო.





