არჩევნები 2021

ლომჯარია: შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულების გამო ათობით პირი გაათავისუფლეს

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, წინასაარცევნო პერიოდში ათობით ადამიანი სამსახურიდან შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. 

"ამ დროისთვის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 62 დასაქმებულის მიმართ განხორციელდა სხვადასხვა სახის ზეწოლა. ამ პირთა უმეტესობამ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან დაადასტურა ზეწოლის და გათავისუფლების ფაქტები და მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელა. (უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მათგანმა, ზეწოლის ფაქტის დადასტურების მიუხედავად, თავი შეიკავა და არ გამოთქვა თანხმობა სახალხო დამცველის აპარატს შეესწავლა მისი საქმე). დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ- ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან". - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას სთხოვდნენ, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა, რის შემდეგაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ, ომბუდსმენის ცნობით, დისციპლინური წარმოება დაიწყო. 

"მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. სახალხო დამცველმა 2021 წლის 31 აგვისტოს 34 პირთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით მიაწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ვინაიდან მსგავსი ფაქტების შესახებ აპარატში ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის განცხადებები და შეტყობინებები, გათავისუფლებულ პირებთან კომუნიკაციის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად, დამატებით მიაწვდის მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს და მიადევნებს თვალს მათზე განხორციელებულ რეაგირებას, ასევე შეისწავლის ინდივიდუალურ საქმეებს შესაძლო დისკრიმინაციისა და შრომის უფლების დარღვევის კუთხით". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ლომჯარიას განცხადებით, დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება. ომბუდსმენი მიმართავს: 

  • ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს - პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ გაათავისუფლონ ანდა არ გასცენ მითითებები თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე. 
  • საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს - დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

კომენტარები