არჩევნები 2021

ბიბილაშვილი: თბილისის განვითარების ამოსავალი წერტილი ლაგუნა ვერეს დაბრუნებაა

ლელოს მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის შეფასებით, თბილისის განვითარების ამოსავალი წერტილი ქალაქისთვის ლაგუნა ვერეს დაბრუნებაა. მისი თქმით, "ამ მძიმე პანდემიური ვითარების ფონზე, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ყველა: ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა".

ლელოს კანდიდატის შეფასებით, "თბილისი გადააქციეს ქალაქად, რომელიც გვინადგურებს ჯანმრთელობას, გვართმევს იმუნიტეტს და ის მძიმე პანდემიური მდგომარეობა, რომელმაც უკვე ათასობით სიცოცხლე წაგვართვა, არის სწორედ არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და დაბინძურებული გარემოს ბრალი".

"ამ დროს ქალაქის ცენტრში 8 წელია უფუნქციოდ დგას და ნადგურდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული კომპლექსი ლაგუნა ვერე, რომელსაც თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.

ლაგუნაზე თაობები გაიზარდა, ეს ადგილი უბრალოდ უყვარდათ ადამიანებს, სწორედ ამიტომ გამოსტაცა ხელიდან ბიძინა ივანიშვილმა. 2013 წელს გამოაცხადეს, რომ არარენტაბელურია მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და დახურეს. 8000-ზე მეტი სპორტსმენი დარჩა გარეთ და 100-მდე ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი.

ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებიდან არავის გახსენებია ლაგუნა ვერე. კალაძე კი მისი პირველი არჩევნების დროს დაპირდა ქალაქს მხოლოდ მისი მიმდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, თუმცა ისე როგორც მისი მრავალი დაპირება, ესეც მხოლოდ სიტყვებად დარჩა.

ლელოს  ხედვით, ის ნაგებობები, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ისე თბილისის კულტურისა და ავთენტურობის მატარებელია, უნდა გამოვისყიდოთ, დაუბრუნდეს ქალაქს და განვითარდეს მისი სრული პოტენციალით" - ამბობს ანა ბიბილაშვილი.

კომენტარები