გასულ დღეებში ღაზის სექტორიდან ტერორისტულმა დაჯგუფებებმა კვლავ გაუშვეს აალებადი ბუშტები, რამაც ისრაელში რამდენიმე ხანძარი გააჩინა. ასევე, გაგრძელდა დაძაბულობა ღაზის სექტორისა და ისრაელის საზღვარზეც, რადგან პალესტინელები ბუნტს არ წყვეტენ, წვავენ ბორბლებს და ისვრიან ქვებს. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა 29 აგვისტოს (IDF) იერიში მიიტანა ჰამასის ობიექტებზე.
საჰაერო თავდასხმის სამიზნე იყო ჰამასის იარაღის საწარმო და სავარჯიშო ობიექტი, ასევე მათი გვირაბის ჩასასვლელი.
"ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის ტერორის მცდელობებზე ძალისმიერად პასუხის გაცემას განაგრძობს" – ამბობენ IDF-ში.
მნიშვნელოვანია, რომ 30 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა პალესტინელთა მთავრობის ლიდერს, პრეზიდენტ მაჰმუდ ასადსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ბენი განცს შორის. ეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის ბოლო ათწლეულში პირველი შეხვედრაა მაღალი რანკის წარმომადგენლებს შორის. მათ განიხილეს უსაფრთხოების, დიპლომატიისა და ეკონომიკის საკითხები, როგორც ეს ბენი განცმა თქვა.
პალესტინის მთავრობის პრეზიდენტის ვიზიტი დაგმო ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა. მის ბენი განცთან შეხვედრას ტერორისტულმა დაჯგუფებებმა "პალესტინელი ხალხისთვის ზურგში დანის ჩაცემა უწოდეს".
საზღვარზე შეტაკებები იმის მიუხედავად მოხდა, რომ გაეროს შუამავლობით გადაწყდა, თუ როგორ შეიტანდნენ ღაზის სექტორში კატარიდან ნაღდი ფულის სახით გამოგზავნილ სუბსიდიებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა თქვა, რომ შემუშავებული გეგმით, თანხები ჰამასის ხელში ვერ მოხვდებოდა. კატარის დაფინანსების ღაზაში დაშვება, ამ მომენტისთვის, ისრაელისა და ჰამასის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შესათანხმებელი საკითხი იყო. ისრაელის მხარე დემონსტრაციების წახალისებაში ბრალს ჰამასს სდებს.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები, რომლებიც მაისში 11-დღიანი დაპირისპირების შემდეგ დაიწყო, თავდაპირველად თითქოს წარმატებით ვითარდებოდა, ბოლო კვირებში ვითარება შეიცვალა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ისრაელსა და ჰამასს შორის კვლავ ღია დაპირისპირება დაიწყოს.