კრიმინალი

შსს: დავაკავეთ 2000 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც ტრანსგენდერი ქალი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 2000 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერი ქალი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, მას ბრალი გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება და 3-დან  7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას, ქვეითად მყოფ ტრანსგენდერ ქალს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.-ს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პნევმატური იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნ.ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი", - წერია განცხადებაში.

კომენტარები