ენერგეტიკა

დაჯარიმების შემდეგ, თელმიკომ ზედმეტობით დარიცხული ელექტროენერგიის საფასური დააკორექტირა 

სემეკ-ის მიერ 75 000 ლარით დაჯარიმების შემდეგ, თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანია "თელმიკომ" ზედმეტობით დარიცხული ელექტროენერგიის საფასური დააკორექტირა. 

"თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ [თელმიკომ] განახორციელა ელექტროენერგიის დარიცხული საფასურის აუცილებელი კორექტირება.  

შეცვლილი თანხა სააბონენტო ბარათზე უკვე  აისახა და ჩანს გადასახადის გადახდისას.
შესწორებული მონაცემი, ასევე აისახება მომდევნო თვის ქვითარში და კორექციის ველში გამოჩნდება.

გასათვალისწინებელია, რომ დაკორექტირებული თანხა, ქვითარში  მინუსში (-) იქნება ასახული, რაც ნიშნავს, რომ  თანხა ირიცხება მომხმარებლის ანგარიშზე". – წერია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ 17 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] თელასსა და თელმიკოს მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის კორექტირება დაავალა

12 აგვისტოს სემეკ-მა თელმიკო 75 000 ლარით, თელასი კი 50 000 ლარით დააჯარიმა, რისი მიზეზიც ქალაქ თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები გახდა. 

სემეკ-ის განმარტებით, აღნიშნული კომპანიების მიერ მომხმარებლების უფლებების დარღვევის შესახებ საჩივრით კომისიას არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საჩივრები უკავშირდებოდა 2021 წლის ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვის შემთხვევებს.


2021 წლის პირველი ივლისიდან ქალაქ თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიის ქვითარს არა თელასისგან, არამედ კომპანია თელმიკოსგან იღებს. რეგიონის მოსახლეობა კი ენერგო-პრო ჯორჯიას ნაცვლად, – ეპ ჯორჯიასგან. 

ცვლილება გამოწვეულია ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმით, რომლის მიხედვითაც, კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა კი ეს საქმიანობა გაიმიჯნა. სწორედ ამიტომ თელასმა და ენერგო პრო ჯორჯიამ დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.

რეფორმამ ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენცია უნდა წაახალისოს. რეფორმის მიხედვით, ახლად შექმნილ კომპანიებს უნივერსალური გამანაწილებლის სტატუსი მიენიჭებათ, რომლებიც ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად, დადგენილი ტარიფით მიაწოდებენ მომხმარებლებს.

კომენტარები