ენერგეტიკა

თელასსა და თელმიკოს აბონენტებზე ზედმეტად დარიცხული გადასახადების კორექტირება დაევალათ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] თელასსა და თელმიკოს მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის კორექტირება დაავალა. 

12 აგვისტოს სემეკ-მა თელმიკო 75 000 ლარით, თელასი კი 50 000 ლარით დააჯარიმა, რისი მიზეზიც ქალაქ თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები გახდა. 

სემეკ-ის განმარტებით, აღნიშნული კომპანიების მიერ მომხმარებლების უფლებების დარღვევის შესახებ საჩივრით კომისიას არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საჩივრები უკავშირდებოდა 2021 წლის ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვის შემთხვევებს.

კომისიის გადაწყვეტილებით, ერთი თვის ვადაში კომპანიებმა უნდა წარადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს სანქციებზე. 

"2021 წლის ივნისსა და ივლისში აბონენტებზე განხორციელებული დარიცხვები მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, გარდა იმ დარიცხვებისა, რომელთა კორექტირება უკვე განხორციელდა.
 
კომპანიებს დაევალათ, აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა მათ სააბონენტო ბარათებზე". – წერია სემეკ-ის განცხადებაში. 


2021 წლის პირველი ივლისიდან ქალაქ თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიის ქვითარს არა თელასისგან, არამედ კომპანია თელმიკოსგან იღებს. რეგიონის მოსახლეობა კი ენერგო-პრო ჯორჯიას ნაცვლად, – ეპ ჯორჯიასგან. 

ცვლილება გამოწვეულია ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმით, რომლის მიხედვითაც, კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები. აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა კი ეს საქმიანობა გაიმიჯნა. სწორედ ამიტომ თელასმა და ენერგო პრო ჯორჯიამ დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.

რეფორმამ ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენცია უნდა წაახალისოს. რეფორმის მიხედვით, ახლად შექმნილ კომპანიებს უნივერსალური გამანაწილებლის სტატუსი მიენიჭებათ, რომლებიც ელექტროენერგიას ფიქსირებულ ფასად, დადგენილი ტარიფით მიაწოდებენ მომხმარებლებს.

კომენტარები