არჩევნები 2021

პრემიერი გახარიაზე: ჩემ თვალში იშვიათი, მაზაკვალი მოღალატეა, მეგრელები გამიგებენ

გიორგი გახარია ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შს მინისტრი, პრემიერმინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს.

გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს – კლუბების წარუმატებელი ოპერაცია, პანკისის, გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ., რაშიც ქართულმა ოცნებამ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა, პოლიტიკური. მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა. ერთ-ერთი კრიტიკული დრო როცა დადგა ქვეყანაში და ჩვენს გუნდში მან ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე.

რა თქმა უნდა გიორგი გახარიამ უღალატა ჩვენს გუნდს, სახელმწიფოს პირველ რიგში, მიატოვა ქვეყანა, მსოფლიოს ისტორიაში არ მოიძებნება ანალოგი, როცა პრემიერი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ თავზეგასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, როცა წინა დღეს და წინა საათებში ის დაჟინებით, თავად ითხოვდა მის დაკავებას.

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ის და მისი გუნდი მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ის იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც სიცრუეა... მერე გაავრცელა სიცრუე, რომ შესაძლო კოალიციაში გახარიას პარტიას ქართული ოცნება პარტნიორად განვიხილავთ.

კაცი, რომელიც ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში დანას ჩაარტყამს კრიზისულ სიტუაციაში, როგორ შეიძლება ამ ადამიანს ნდობა გამოუცხადო. ჩემ თვალში გიორგი გახარია ჩვეულებრივი მოღალატეა, უფრო მეტიც, ის იშვიათი მოღალატეა. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე – ამას კარგად გამიგებენ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ თანაგუნდელზე, პარტიის საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიაზე.

კომენტარები