არჩევნები 2021

ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა 

ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა და ნინო ლომჯარიამ 2 ოქტომბრის არჩევნებზე იმსჯელეს.

უსაფრთხოება, ხმის დათვლის პროცესის ვიდეომონიტორინგის წესის განსაზღვრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა არჩევნებში, საჩივრების ელექტრონულად წარდგენის მნიშვნელობა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაც შეხვედრაზე განიხილეს. 

"ვისაუბრეთ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებისა და სამზადისის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ახორციელებს. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათგან ვიღებთ რეკომენდაციებს, რომელიც პროცესის სწორად წარმართვაში ძალიან გვეხმარება.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაცია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს თანამშრომელთა სწრაფ ტესტირებას, ასევე წახალისებულია ვაქცინაციის პროცესი, რაც ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ვრცელდება,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებებზე. ცესკოს ცნობით, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ ყურადღება გაამახვილა 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეომონიტორინგის წესზე.

 "მივიღე ინფორმაცია მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც გამჭვირვალობის და საჯაროობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. ასევე, ვისაუბრეთ წინა არჩევნებზე სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ვთვლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ინფორმირების კამპანიას, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში. ჩემი რეკომენდაციაც სწორედ ამას უკავშირდება, რომ აქტიური საინფორმაციო კამპანიით ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ და რა პროცედურების გავლით მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები