არჩევნები 2021

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ტრენინგები უტარდებათ, მათ სწრაფი ტესტით ამოწმებენ

თვითმმართველობის არჩევნებისთვის 3 664 საუბნო საარჩევნო კომისიის 63 000-მდე წევრს სასწავლო ტრენინგები უტარდება. ტრენინგის პირველი ეტაპი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გადამზადების პროცესი ექვსეტაპიანია და მის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 202 ტრენერი და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უზრუნველყოფენ. 

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ტრენინგის ყველა მონაწილე ანტიგენზე დამყარებული Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი  ტესტით მოწმდება.

"სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე.

ტრენინგების პირველი ეტაპის პარალელურად, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება, რომელზეც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს ირჩევენ. საუბნო საარჩევნო კომისიების სხდომები ღიაა ყველა უფლებამოსილი პირისთვის. შესაბამისად, ცესკო  არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიმართავს, აქტიურად დააკვირდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რაც პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს" - აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

კომენტარები