კორუფცია

ნონიაშვილი: მალთაყვის სანაპიროს უფუნქციო ზოლზე 10 მლნ დაიხარჯა – საქმე არ შესრულებულა

ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელმა, გიორგი ნონიაშვილმა სახელმწიფო სახსრების ფლანგვის შემთხვევებზე ისაუბრა. ნონიაშვილის თქმით, ხშირად, მუნიციპალიტეტებში უსარგებლო პროექტებზე ბევრად მეტი ფული იხარჯება, ვიდრე ამავე მუნიციპალიტეტებში ადამიანთა კეთილდღეობაზე.

"ხელისუფლება წლების განმავლობაში ხარჯავს საბიუჯეტო თანხებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელსაც არანაირი ეკონომიკური და სოციალური ეფექტი არ გააჩნია. ამასთან ერთად, გაფლანგული ფული ხშირად ხმარდება კორუფციულ ინტერესებს, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ადამიანების ინტერესებს და ქართული ოცნების ჩინოვნიკების ინტერესებს. სახელმწიფო სახსრების ფლანგვის თვალსაჩინო მაგალითები არსებობს, სამწუხაროდ, თითოეულ მუნიციპალიტეტში, სადაც ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ხშირად არ გააჩნიათ არანაირი დანიშნულება. ეს ფული შეიძლებოდა მოხმარებოდა ადამიანების კეთილდღეობას და მათი ყოფის გაუმჯობესებას.

ფოთის მუნიციპალიტეტში, მალთაყვის სანაპიროს უფუნქციო ზოლზე დაიხარჯა 10 მილიონი ლარი და თვალსაჩინოა, რა მდგომარეობაში მალთაყვის სანაპირო - დაბომბილს ჰგავს, იმიტომ, რომ საქმე, სინამდვილეში, შესრულებული არ არის". – ამბობს ნონიაშვილი.

გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, სოფელ ქვილიშოვში წყლის სისტემის სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა - დახარჯული ათეულობით ათასი ლარის მიუხედავად, სისტემა წყლის გაშვების დღესვე დაზიანდა. მისივე თქმით, სოფელს წყალი დღემდე არ აქვს, მუნიციპალიტეტი კი სამუშაოების შესასრულებლად ფულის დახარჯვას ხელახლა აპირებს.

"ზუგდიდის ყინულის მოედანი, რომლის ორჯერ აშენებასა და ორჯერ დემონტაჟზე 8 მლნ ლარი დაიხარჯა, წლიდან წლამდე უფუნქციო იყო და ეს პროცესი გრძელდება, დაახლოებით, 5 წლის განმავლობაში. ახალციხის მერიამ რამდენიმე წლის წინ 200 000 ლარი დახარჯა უსახლკარო მოქალაქეების ღამის გასათევით უზრუნველსაყოფად და 4 წელია, ეს შენობა არის ბოქლომით ჩაკეტილი, არ ფუნქციონირებს და დანიშნულება არ აქვს. 

ასეთი მაგალითები, სინამდვილეში, ძალიან ბევრია - როდესაც მუნიციპალიტეტები და ცენტრალური ხელისუფლება რაღაც პროექტში ხარჯავს ფულს ისე, რომ ამ პროექტების საჭიროების, მათი ეკონომიკური, სოციალური ეფექტის შეფასება არ მომხდარა, მაგრამ, უბრალოდ, არაფრისთვის შენდება და შემდეგ არის უფუნქციოდ. თანხები არის დახარჯული, რომელიც, შეიძლება, მოხმარებოდა ძალიან ბევრ რამეს". – ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

ნონიაშვილის თქმით, ხშირად, უფუნქციო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მუნიციპალიტეტების მიერ გაფორმებული ხარჯები მთლიანად აღემატება სოციალური, ვეტერანთა, შშმ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, სოციალურად დაცვის, დევნილთა მხარდაჭერის და სოციალური საცხოვრისის პროგრამულ ხარჯებს. 

"უსარგებლო პროექტებში, რომელიც მუნიციპალიტეტებში იხარჯება და შენდება, რიგ შემთხვევებში ბევრად მეტი ფული იხარჯება, ვიდრე არსებულ მუნიციპალიტეტში ადამიანების კეთილდღეობას ხმარდება ხოლმე, სამწუხაროდ". – ამბობს ნონიაშვილი. 

კომენტარები