ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ФСБ-ს თანამშრომელია – ბრალდებულის ნათესავი

რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ედება ბრალად, რუსეთის სპეცსამსახურების, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, ФСБ-ს თანამშრომელია. ამის შესახებ გამოცემებს The Insider-სა და Der Spiegel-ს ბრალდებულის ნათესავი ესაუბრა. ინტერვიუს თანახმად, ალექსანდრ ვოდორეზევი ბრალდებულის, ვადიმ კრასიკოვის, ცოლის დის ქმარია.

ვოდორეზევის თქმით, კრასიკოვს ის 2010 წლიდან იცნობს. ვოდორეზევს გერმანიაში სასამართლოზე დამაჯერებელი პასუხი არ გაუცია, რომ ბრალდებულის ამოცნობა შეუძლია. ის ამბობს, რომ ჩვენების მიცემისგან თავი საკუთარი უსაფრთხოებისთვის შეიკავა, სინამდვილეში კრასიკოვი მაშინვე ამოიცნო.

"ინტერნეტში წერდნენ, რომ დარწმუნებული არ ვიყავი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს წინ ვადიმ კრასიკოვი იყო, უბრალოდ გავჩერდი, იმიტომ, რომ მესმოდა, რომ საკუთარ თავს განაჩენს გამოვუტანდი. უნდა გამეარა ეს ყველაფერი, გადამეხედა და გამეგო, როგორ მოვქცეულიყავი. იმ მომენტში მე მაშინვე ვთქვი, დარწმუნებული არ ვარ, არ ვარ მზად, ვთქვა, ის არის თუ არა, თუმცა მე უმალვე ამომიცნობდა" . – იხსენებს ვოდორეზევი.

ალექსანდრ ვოდორეზევი იხსენებს, რომ დაახლოებით 2010-2011 წლებში გააცნობიერა, რომ კარსიკოვი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის, FSB-სთვის მუშაობდა. ვოდორეზევი კრასიკოვს FSB-ს ელიტარულ ქვედანაყოფთან ვიმპელთან აკავშირებს. ისამბობს, რომ კრასიკოვის თქმით, ვიმპელი იყო სტრუქტურა, რომელთანაც ის "მეგობრობდა", თუმცა "მთლად არ მსახურობდა".

Belligcat-ის, გამოცემა Spiegel-ისა და რუსული Insider-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, ვადიმ კრასიკოვმა სპეციალური მომზადება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფის ვიმპელის ბაზაზე გაიარა.

ვოდოროზევის ცნობით, კრასიკოვი უკრაინაში იმყოფებოდა 2014 წლის ზამთარში ევრომაიდანის პერიოდშიც. ასევე ამბობს, რომ 2016 წელს ვადიმ კრასიკოვი დააწინაურეს და მას პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს.

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის აგვისტოში მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

კომენტარები