უკრაინა

უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტი იწყება

დღეს, 23 აგვისტოს უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტი იწყება. ახალი ინიციატივის მიზანია ყირიმის ანექსიას კვლავ მოაქციოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ესწრება, მათ შორის აშშ-ს დელეგაცია, რომელსაც აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრი, ჯენიფერ გრანჰოლმი ხელმძღვანელობს.

სამიტში მონაწილეობას იღებს ევროკავშირის ყველა ქვეყანა, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, შვეიცარია, თურქეთი, საქართველო და მოლდოვა. ასევე სამიტს ესწრებიან ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლები. 13 ქვეყანას ქვეყნის ლიდერები წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა მინისტრები ან მინისტრთა მოადგილეები. 

სამიტის ფარგლებში სხვადასხვა საკითხების განხილვა იგეგმება. მსჯელობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ყირიმის ანექსია და ნახევარკუნძულზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის ყირიმელი თათრების დისკრიმინაცია იქნება. სამიტზე ასევე განიხილავენ შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლებას და რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციას.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვს, რომ ყირიმის პლატფორმა განაახლებს დებატს, თუ როგორ უნდა მოხდეს რუსულ ოკუპაციასთან გამკლავება. ზელენსკის თქმით, ყირიმი დღევანდელი მედიის ყურადღების ცენტრში ნაკლებად ექცევა და იმედი აქვს, რომ სამიტი ამას შეცვლის და საკითხს რადარებზე დააბრუნებს.

თავდაპირველად, ყირიმის პლატფორმის სამიტის ჩატარება 2021 წლის მაისში იგეგმებოდა, თუმცა სამიტი აგვისტომდე გადაიდო. ერთ-ერთი მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, გარდა ამისა, სამიტის აგვისტოში ჩატარებით ის 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავსაც დაემთხვევა.

კომენტარები