ახალციხის სოფელ ურაველში ქელეხის შემდეგ 41 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის ბავშვებიც და ორსულებიც. სოფლის ექიმის, ჯულიეტა კაპანაძის თქმით, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"იყო ქელეხი. 84 წლის ქალს პატივი ვეცით, გავასვენეთ, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. 9 აგვისტოდან დაიწყო უკვე ქელეხის კლასტერი. 9 აგვისტოდან დღემდე დაინფიცირდა 19 ოჯახის 41 წევრი. ინფიცირებულია 1 წლამდე 1 ბავშვი. ის გადაყვანილია სტაციონარში. 2 ორსულიც გადაყვანილია თბილისის სტაციონარში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია". - ამბობს ჯულიეტა კაპანაძე.
21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 46 595 ტესტი და დადასტურდა 4 901 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 586 პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 510 941 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 723 და გამოჯანმრთელდა 442 956 პირი.





