ვაქცინაცია საქართველოში

"არც დისკრიმინაციაა, არც უფლებების დარღვევა" – გამყრელიძე აუცრელებისთვის შეზღუდვებზე

ახლა გვაბრალებენ, რომ ადამიანის უფლებებს ვარღვევთ, როცა ასეთ მოწოდებებს ვაკეთებთ, რომ დისკრიმინაციაა. არ არის ეს არც დისკრიმინაცია და არც ადამიანების უფლებების დარღვევა. მსოფლიოში არის პანდემია. ეს არ არის ის ეპიდემია, რომელიც გვინახავს ხოლმე ხშირად, ეს არის ეპიდემია და პანდემია, რომელიც არის 100 წელიწადში ერთხელ და რომელმაც უკვე შეიწირა 4.5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე და საქართველოში 6 649. პატარა საქართველოსთვის, სადაც ერთ წელიწადში კვდება, დაახლოებით, 45 000 ადამიანი, ერთი დაავადებით ერთ წელიწადში 6 649 ადამიანის სიკვდილი არის ძალიან, ძალიან დიდი ტრაგედია. 

ამიტომ, ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა ავიცრათ და ვინც ამ საკითხს აყენებს, ძალიან ვთხოვ, კარგად ნახონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის შესაბამისი მუხლი, რომ პანდემიების დროს დაშვებულია, ზოგიერთი ჩარევა იყოს სწორედ ამ ტიპის, რასაც ჩვენ ვამბობთ, ანუ პირდაპირი ან არაპირდაპირი ზემოქმედება, რომ ადამიანებმა პრევენციული ღონისძიებები მაქსიმალურად დაიცვან და გაატარონ. აცრა წარმოადგენს ყველაზე ქმედით პრევენციულ ღონისძიებას. აცრა რომ არ ჩაეტარებინათ, მაშინ ყვავილი ისევ იქნებოდა, მაშინ პოლიომიელიტი ისევ იქნებოდა, მაშინ წითელა ისევ მოკლავდა წელიწადში 2 მილიონ ბავშვს, მაშინ ცოფიანი ცხოველის მიერ დაკბენილი ყველა ადამიანი მოკვდებოდა. ადამიანს რომ დაკბენს ძაღლი, ხომ მიდის და იცრება. იმიტომ, რომ იცის, ცოფი რომ დაემართოს, ცოფს მედიცინა ვერ შველის. ისევეა აქაც. 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელი მოქალაქეებისთვის შესაძლო შეზღუდვების შესახებ. 

კომენტარები