კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: აჭარასა და იმერეთში საველე ჰოსპიტალის მოწყობაზე მუშაობა დაწყებულია

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აჭარასა და იმერეთში საწოლფონდის მოწყობასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია. 

მისივე თქმით, ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა მზაობაზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან, მისი განმარტებით, ამ ორ რეგიონში მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. 

"საველე ჰოსპიტალი არის ჩვენთვის მზაობის და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობა. ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ეს არის ორი დიდი რეგიონი, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ჯობს ყველაზე ცუდი სცენარისთვის ვიყოთ მზად, ვიდრე მერე მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში გადაწყვეტილების და მზაობის უზრუნველყოფა. მიმდინარე სამუშაოები პროცესშია, იმედი გვაქვს, ეს არ დაგვჭირდება, რადგან ჯერჯერობით ორივე რეგიონში არის იმის შესაძლებლობა, რომ დამატებითი საწოლფონდის მობილიზება მოხდეს, მაგრამ მზაობაზე მუშაობა მიმდინარეობს". - ამბობს გაბუნია.

თბილისში, დიღომსა და სამგორში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 2 საველე ჰოსპიტალი ეწყობა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის განთავსდებიან კოვიდინფიცირებული პაციენტები საველე ჰოსპიტლებში, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს უკიდურესი ზომა იქნება.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 49 468 ტესტი და დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი.

კომენტარები