კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციისთვის, ჯანმოს რეკომენდაციას ველოდებით

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 12 წლის ზემოთ ასაკიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას დაელოდებიან.

"12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდება ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინით. ასევე, ჩინეთში ავტორიზაცია მიიღო სინოფარმის ვაქცინამ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენებისთვის. ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დავიწყოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მნიშვნელოვანია, ეპიდემიის შესაჩერებლად ყველა ასაკობრივი ჯგუფი თანაბრად იყოს მოცული". - ამბობს გაბუნია. 

მისივე თქმით, 12 წლის ზემოთ ასაკიდან ვაქცინაციის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სკოლებში აცრა სავალდებულო არ იქნება.

"ვაქცინაცია სავალდებულო არც ერთ შემთხვევაში არ იქნება, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. პაციენტის უფლებებიდან და საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, ეს არის თითოეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება". - ამბობს გაბუნია. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბოლო 24 საათში 26 363 ადამიანი აიცრა, სულ აცრილია  883 570 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 49 468 ტესტი და დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი.

კომენტარები