კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ორჯერ ვაქცინირებული პირების მხოლოდ 0.3% მოხვდა რეანიმაციაში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მარტიდან 17 აგვისტოს მონაცემებით, ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არ ყოფილა. 

მისივე თქმით, რეანიმაციაში მყოფი 3 500 ინფიცირებულიდან, ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%, ორჯერ ვაქცინირებული კი - 0.3%. 

"ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი მარტიდან 17 აგვისტომდე ინფიცირებულების და მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული. ჩვენ გვაქვს ერთგვარი სურათი, რომ საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა, რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში მკურნალობა ამ დრომდე გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3 %, ანუ ერთეული შემთხვევები მოხვდა ორჯერ ვაქცინირებულების რეანიმაციაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან და ეს არის ყველაზე დიდი მიზეზი, რომ ჩვენ ვაქცინა გავიკეთოთ". - ამბობს გაბუნია. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ბოლო 24 საათში 26 363 ადამიანი აიცრა, სულ აცრილია  883 570 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 49 468 ტესტი და დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი.

კომენტარები