ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა ვირჩევთ ახალ მერს. მერი, რომელიც უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში ხალხის სამსახურში. ხალხის მსახური უნდა იყოს ყველა მერი და ყველა მმართველი, პრემიერი იქნება, პარლამენტარი თუ ა.შ. სწორედ ეს არის ჩვენი ხელწერა. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო. შეცდომებს ვასწორებთ, მივდივართ წინ და ჩვენს ქვეყანას, მშვიდობით და სტაბილურობით გავიყვანთ ფონს. განვითარებას შევიტანთ ყველა რეგიონში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.
ვიცი, რომ ამ მუნიციპალიტეტში [ქედაში] ჯერ კიდევ არის პრობლემები მოსაგვარებელი, როგორიც არის წყალგაყვანილობა, გაზიფიცირების, გზების სამუშაოები, ინფრასტრუქტურა, სჭირდება უფრო მეტი მოვლა-პატრონობა, შენობებს სჭირდება რეაბილიტაცია. მაგალითად, ახლა დავიწყეთ ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში, ევროპული ტიპის ცენტრების მოწყობას და რეაბილიტაციას ისტორიული შენობების, მუნიციპალიტეტების ცენტრების, რეკრეაციული სივრცეების, პარკების, სკვერების და ა.შ. წელს 500 მლნ. დაიხარჯება ამ პროექტში და ასევე ყოველ წელს გაგრძელდება ანალოგიურად.
ამას გარდა, ჩვენ უნდა შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები და როგორ ვაპირებთ ამას. სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახერხა ქართულმა ოცნებამ ბოლო წლებში. ჩვენ სოფლის მეურნეობა მთავარ პრიორიტეტად ვაქციეთ და მართლაც, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. მხოლოდ სოფლის მეურნეობაში ვგეგმავთ 7 მლრდ. ლარის ინვესტიციას.





