არჩევნები 2021

წინასაარჩევნოდ ბინების 1 ლარად გადაცემა – ენმ კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის

თბილისის მერია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მოქმედ მერსა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს სასამართლოში უჩივის. პარტიის განმარტებით, მიზეზი წინასაარჩევნო პერიოდში, 11 აგვისტოს, გლდანის რაიონში 36 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის 1 ლარად გადაცემაა. ენმ-ში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა და სასამართლომ კალაძეს ცესკოში მერობის კანდიდატად რეგისტრირების საშუალება არ უნდა მისცეს.

"სახელმწიფო ქონების ან ადგილობრივი ქონების უსასყიდლოდ ამომრჩევლისთვის გადაცემა, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. შესაბამისად, ჩვენი სარჩელით სასამართლოს მიერ სათანადო ტესტის გავლის და დაკმაყოფილების შემთხვევაში, კახა კალაძე, როგორც მერობის კანდიდატი, რომელიც წარადგინა პარტია ქართულმა ოცნებამ, ცესკოში არ უნდა დარეგისტრირდეს.

​ჩვენი სარჩელის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ დაადგინოს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, 2 აგვისტოდან, უკვე საჯაროდ გაცხადებული კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი და განსაზღვროს, რომ მას კანონის დარღვევის გამო არ აქვს უფლება, დარეგისტრირდეს, როგორც მერობის კანდიდატი". – თქვა პარლამენტის დეპუტატმა, თამარ კორძაიამ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გამართულ ბრიფინგზე. 

11 აგვისტოს კახა კალაძემ გლდანის რაიონში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად 36 ოჯახს გადასცა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 1 847 ოჯახს დაუკანონდა.

საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება, წინასაარჩევნო პერიოდი კი 2 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები