კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე ტრანსპორტის გაჩერებაზე: ეს იყო დროული, საკმარისი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება

ტაბულა

"ეს იყო დროული, საკმარისი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება". – ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას. მას ჰკითხეს, მაშინ როცა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და კინოთეატრები კვლაც განაგრძობენ საქმიანობას, რა ლოგიკაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვაში.

"ლოგიკა ნამდვილად არსებობს, ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს უკვე გამოცდილება არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ საერთაშორისო პრაქტიკით გამომდინარე, თუ რა ეფექტის მომტანია სატრანსპორტო შეზღუდვები და ჩვენი მოლოდინიც არის, რომ სატრანსპორტო შეზღუდვები გამოიწვევს საკმაოდ დადებით დინამიკას ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაში.

მე უკვე განვაცხადე, რომ ორი კვირის შემდეგ ჩვენი მოლოდინი არის დაახლოებით 80%-ით გაუმჯობესება ეპიდვითარების, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა საბჭოზე არც განხილულა, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამ მოთხოვნას დავაყენებთ, თუმცა, დღეისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაადგილება იყოს, ვინაიდან ვიცით, თუ რა ტურისტული მოძრაობა არსებობს დღეს". – თქვა ტიკარაძემ. 

პანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება შეზღუდვებს სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით იწყებს. ბოლო წელიწადნახევარში მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უკვე მესამედ აეკრძალათ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრი "საერთაშორისო გამოცდილებაზე" საუბრობს, ევროპის ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პანდემიის არც ერთ ეტაპზე არ გაჩერებულა - იქ მხოლოდ მგზავრების რაოდენობას ზღუდავდნენ.

კომენტარები