ვაქცინაცია

ჯანდაცვა: აცრაზე უარის საეჭვო შემთხვევებია, ექიმს მიზეზი დააფიქსირებინეთ წერილობით

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, თუ ვაქცინაციაზე მისულს აცრაზე უარს ეტყვიან, ექიმს მიზეზი წერილობით დააფიქსირებინოს. განცხადებას რეგულირების სააგენტო შეისწავლის, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება.

"პერიოდულად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევებში აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს.

სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას, ვაქცინაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობითი ფორმით და აღნიშნული დოკუმენტი, თქვენივე ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად, გადმოგზავნეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე [email protected], განცხადების შემოტანა ასევე შეგიძლიათ ადგილზე, სამინისტროს მოქალაქეთა მისაღებში. განცხადების დაფიქსირების შემდეგ რეგულირების სააგენტო შეისწავლის, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო ექიმის გადაწყვეტილება და იყო თუ არა პაციენტის მდგომარეობა აცრის უკუჩვენება.

შეგახსენებთ, არსებული პანდემიის პირობებიდან და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე ვაქცინაცია უალტერნატივოა და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად". – აცხადებს სამინისტრო.

16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 806 681 აცრა. სრულად აცრილია 238 871 ადამიანი. ას ადამიანზე ადმინისტრირებული დოზების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მხოლოდ 117-ე ადგილზეა.

კომენტარები