ბორჯღალოსნები

რაგბის კავშირი: ლევან მაისაშვილი უკეთაა, პირადად შეძლო კონტაქტზე გამოსვლა

რაგბის კავშირის ინფორმაციით, ბორჯღალოსნების მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების გამო თვეზე მეტია, სამხრეთ აფრიკის საავადმყოფოში მკურნალობს, თავს უკეთ გრძნობს.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, ის კვლავ რჩება მართვით სუნთქვაზე, თუმცა თავს უკეთ გრძნობს და პირადად შეძლო კონტაქტზე გამოსვლა.

"ექიმების განცხადებით, მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმედ ფასდება, თუმცა, თუ გამოჯანმრთელების პროცესი ასეთი ტემპებით გაგრძელდება, დაახლოებით 10 დღეში ის უკვე დამოუკიდებლად შეძლებს სუნთქვას, სრულ რეაბილიტაციას კი 3-6 თვე დასჭირდება". – ნათქვამია კავშირის განცხადებაში.

მაისაშვილს კორონავირუსი 5 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩის შემდეგ დაუდგინდა. მასთან ერთად დაინფიცირდა ნაკრების 11 წევრიც. იოჰანესბურგის კლინიკაში მწვრთნელის მდგომარეობა ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა. მაისაშვილსა და ბორჯღალოსნების ინფიცირებულ წევრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონიათ. რაგბის კავშირის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ნაკრების იმ წევრების გარდა, ვინც კორონავირუსით დაინფიცირდა, ყველა აცრილი იყო. ასევე, კავშირში გაიცა რეკომენდაციები აცრასთან დაკავშირებით, თუმცა ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იყო. 

კომენტარები