ბორჯღალოსნები

რაგბის ნაკრების 11 წევრსა და მწვრთნელს COVID-19 დაუდასტურდათ, მწვრთნელი სამხრეთ აფრიკის კლინიკაშია

Georgia Rugby Union

სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებული რაგბის ნაკრების 11 წევრსა და მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს COVID-19 დაუდასტურდათ, ნაკრების წევრები უკვე გამოჯანმრთელდნენ და ისინი საქართველოში იმყოფებიან, თუმცა ლევან მაისაშვილი ამ დრომდე სამხრეთ აფრიკის კლინიკაში იმყოფება. რაგბის კავშირის გამგეობის წევრის, ზურა ზოიძის ინფორმაციით, მაისაშვილი ხელოვნურ კომაში სუნთქვის აპარატზე იმყოფება. მაისაშვილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონია.

რაგბის კავშირის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ნაკრების იმ წევრების გარდა, ვინც კორონავირუსით დაინფიცირდა, ყველა აცრილი იყო. ასევე, კავშირში გაიცა რეკომენდაციები აცრასთან დაკავშირებით, თუმცა ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იყო. 

ზურა ზოიძე წერს, რომ მაისაშვილი მძიმე მდგომარეობაში ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო. მისი აზრით, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო რომ ყოფილიყო, მწვრთნელი ამ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა.

"როდის მორჩება ეს ანტივაქსერული "რუსული რულეტი" ? ვინ იქნება შემდეგი, ვინ აიხდის თავის ქალას?

ერთი რამ ვიცი: სპორტის სფეროში მოღვაწე ხალხისათვის ვაქცინაცია სავალდებულო რომ ყოფილიყო, ასეთ რთულ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდით და ხელოვნურ კომაში მყოფი ლევანი სუნთქვის აპარატზე არ იქნებოდა მიერთებული. ახლა კი, მის გადასარჩენად არსენალში მხოლოდ სამხრეთაფრიკელი ექიმების პროფესიონალიზმი და მისთვის ლოცვაღა გვაქვს დარჩენილი". – წერს ზოიძე.

კომენტარები