საქართველო-ბელარუსი

დროა ბელარუსთან შეთანხმებაზე: საგანგაშოა – საფრთხეს უქმნის აქ მყოფ ბელარუსებს

Droa • დროა

პარტია დროა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურება. პარტიაში მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საგანგაშოს უწოდებენ. დროა მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება ლუკაშენკოს რეჟიმის ლეგიტიმაციას ნიშნავს და საფრთხეს უქმნის იმ ბელარუსთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ.

"საგანგაშოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს თანამშრომლობის ხელშეკრულებას ლუკაშენკოს KGB-სთან. ეს არა მხოლოდ ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ და არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილზე, წამებასა და პოლიტპატიმრებზე, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ბელარუსთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ.

უკვე სავსებით ნათელია, სად დგას საქართველოს მთავრობა. მათი ძალაუფლებაში ყოფნის ყოველი დამატებითი დღე საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მომავლისთვის". – ნათქვამია დროას განცხადებაში. 

 

პირველ აგვისტოს ძალაში შევიდა ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ბელარუსის საკანონმდებლო ვებსაიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 14 თავისგან შედგება და მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

კომენტარები