ვაქცინაცია

აშშ-მ სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის COVID-19-ის ვაქცინის მესამე დოზა დაამტკიცა

iStock

აშშ-ს წამლების მარეგულირებელმა სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის COVID-19-ის ვაქცინის მესამე დოზა დაამტკიცა. ეს ცვლილება დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს შეეხება, ძირითადად, ორგანოგადანერგილებს და ონკოპაციენტებს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-მ დაადასტურა, რომ ვაქცინების მესამე დოზა აუცილებელია. ექსპერტები ამბობენ, რომ მოდერნას და ფაიზერის ორი დოზა, ხოლო ჯონსონ&ჯონსონის ერთი დოზა საკმარისი არ არის სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის. 

ხუთშაბათს, აშშ-ის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ბუსტერული დოზა, შესაძლოა, მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებს დასჭირდეთ.

მეორე მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) ქვეყნებს მოუწოდებს, შეაჩერონ კორონავირუსზე მესამე დოზით ვაქცინაცია, სულ მცირე, სექტემბრის ბოლომდე, სანამ ყველა ქვეყნის მოსახლეობის 10% მაინც არ აიცრება.

დელტა შტამის შესაჩერებლად სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს მესამე დოზის ე.წ ბუსტერების შემოღება, მათ შორის ისრაელმაც. აშშ-მ დამატებით 200 მილიონ დოზაზე გააფორმა შეთანხმება ფაიზერთან როგორც ახალგაზრდების აცრის, ასევე ბუსტერული დოზებისთვის.

კომენტარები