კრიპტოვალუტა

ლეო მესი პსჟ-ში ანაზღაურების ნაწილს კრიპტოვალუტაში მიიღებს

ლეო მესი

ფრანგული საფეხბურთო კლუბის, პარი სენ-ჟერმენის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი კონტრაქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ნაწილს კრიპტოვალუტაში მიიღებს. 

ამერიკაში გავრცელებული პრაქტიკისგან განსხვავებით, სადაც სპორტსმენები ხელფასის ნაწილს ბიტკოინში იღებენ, მესი პსჟ-ს საკუთარ კრიპტოვალუტას, PSG Fan Token-ს მიიღებს. 

CNBC-ის ინფორმაციით, მესიმ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის ყოველწლიურად 41 მილიონ დოლარს მიიღებს, გარდა ამისა, მას ბონუსებიც დაერიცხება. სავარაუდოდ, კრიპტოვალუტა ბონუსების კატეგორიაში მოიაზრება. 

ზუსტად რა რაოდენობის კრიპტოს მიიღებს მესი, უცნობია. 

პსჟ-ს ფანტოკენი 2020 წელს შეიქმნა და ის მიზნად ფანკლუბის გაძლიერებას ისახავს. 

მესის ბარსელონიდან პარი სენ-ჟერმენში გადასვლის ამბის გავრცელებას PSG Fan Token-ის ფასის რეკორდული ზრდა მოჰყვა.

12 აგვისტოს კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 123 მილიონ დოლარს მიაღწია, აღნიშნული თანხის ნაწილი თავად საფეხბურთო კლუბს ეკუთვნის, დანარჩენი კი – ფანტოკენის მფლობელებს. 

"პსჟ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ინოვაციური და ავანგარდული გუნდია". – განმარტავენ საფეხბურთო კლუბში.


10 აგვისტოს ლიონელ მესი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ბარსელონა ოფიციალურად 8 აგვისტოს დატოვა. მესი ესპანურ გუნდში 13 წლის ასაკში მივიდა და 778 თამაშში 672 გოლი გაიტანა.

კომენტარები