დროა

ქუთელია: დროა წინსვლის, დროა ბევრი გამარჯვების და საერთო იდეის ირგვლივ ერთად დგომის

დღევანდელ რთულ პერიოდში, როდესაც პანდემიამ მთელ მსოფლიოს შეუქმნა გამოწვევები, არა მარტო ჯანდაცვის კუთხით, არამედ, ზოგადად, მსოფლიო წესრიგის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იდეამ, დემოკრატიის იდეამ გაიმარჯვოს. გაიმარჯვოს ყველგან, სადაც მას შეექმნება საფრთხე. დემოკრატიის იდეა და თავისუფლების იდეა იმარჯვებს იქ, სადაც ამის სჯერათ.

საქართველოს ისტორიის ზედაპირული მიმოხილვაც საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ, რომ ჩვენ ვიმარჯვებდით და ჩვენი სახელმწიფო შენდებოდა და მიდიოდა წინ მაშინ, როდესაც ჩვენ გვჯეროდა. გვჯეროდა ჩვენი შესაძლებლობების, ვენდობოდით ჩვენს თანაგუნდელებს, ვენდობოდით ჩვენს საზოგადოებას და ეს გვაძლევდა სწორედ რწმენას. ჩვენ გვჯერა მაშინ, როდესაც ეს რწმენა დაფუძნებულია ფასეულობებზე. მთავარი ფასეულობა და ამოსავალი წერტილი ყველა წარმატებული სახელმწიფოსი, რომელმაც პროგრესი შეუქცევადად განიცადა - და ბევრი არის ასეთი, - მიუხედავად გამოწვევებისა, ეფუძნება სწორედ მთავარ ფასეულობას, თავისუფლების იდეას, რომელიც ემყარება ადამიანს, მის მოქალაქეს, ერთიანობას, გამაერთიანებელ იდეას და არა გამყოფ იდეას. 

ასეთი წარმატებული სახელმწიფოების რიგში, მე ვფიქრობ, დროა, ჩადგეს საქართველოც. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფო, თუმცა კიდევ უფრო მეტი გამოწვევა გვაქვს გადასალახი, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ დავიმკვიდრებთ ადგილს თავისუფალი დემოკრატიების ოჯახში. მე მჯერა, იმიტომ, რომ ამ არჩევანს არ აქვს ალტერნატივა. ამას მხარს უჭერს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა და ჩვენ შეგვწევს ძალა, ავაშენოთ სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მტრები გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ჩვენ შევძლებთ ამას. ჩვენი უკეთესი დღეები და უკეთესი მომავალი წინ არის და ამას სჭირდება უკეთესი მუშაობა. ასევე, ამისთვის გვჭირდება უსაფრთხოება და ამ უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიულ სამყაროსთან ერთიანობით, ჩვენ უკვე ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული. ჩვენმა სახელოვანმა სამხედროებმა ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის წვლილი შეგვეტანა. ჩვენი უსაფრთხოება იწყება თითოეული ადამიანის უსაფრთხოებით ქვეყნის შიგნით, ოჯახის უსაფრთხოებით, იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენ ირგვლივ არიან და პანდემიამ ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ეს იქნება უმთავრესი გამოწვევა მომავალი კვირების, წლების განმავლობაში და, რაც ყველაზე მთავარია, ამ უსაფრთხოების საფუძველი არის სახელმწიფოს უსაფრთხოება.

ამიტომაც, ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ დროა წინსვლის, დროა ბევრი გამარჯვების და, რაც მთავარია, საერთო იდეის ირგვლივ ერთად დგომის. სწორედ ამიტომ შევუერთდი ამ გუნდს. 

ამბობს აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს წევრი ბათუ ქუთელია. ელენე ხოშტარიამ ის პარტია დროას გუნდის წევრად და ერთ-ერთ დამფუძნებლად წარადგინა

კომენტარები