აშშ-ბელარუსი

ბელარუსი აშშ-ს დიპლომატიური მისიის შემცირებას ურჩევს, ელჩის დანიშვნაზე უარს ამბობს

ჯული ფიშერი

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვა ბელარუსში აშშ-ს ელჩად ჯული ფიშერის დანიშვნაზე. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება პასუხია აშშ-ს სანქციებზე.

"ამერიკული მხარის თავხედურმა და ღიად მტრულმა ნაბიჯებმა, [აშშ-ს] ცალკეული წარმომადგენლების დიპლომატიისა და პროფესიონალიზმისთვის შეუფერებელმა მოქმედებებმა გაანადგურეს წინამორბედების საქმიანობის შედეგები და გვაიძულეს გაგვეწვია ბელარუსის რესპუბლიკის აქამდე გაცემული თანხმობა ჩვენს ქვეყანაში აშშ-ს ელჩად ჯული ფიშერის აშშ-ს დანიშვნაზე." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო სამინისტროს პრესმდივნის ანატოლი გლაზის თქმით, დიპლომატიურ ურთიერთობებზე ვენეციის კონვენციაში ასეთი სიტუაციები გაწერილია და ამიტომ გაუგებრობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა, თუ საჭირო იქნება, ბელარუსი მზადაა, დამატებითი განმარტებები გააკეთოს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელარუსი აშშ-ს სთავაზობს, პირველ სექტემბრამდე მინსკში, საელჩოში თანამშრომლების რაოდენობა 5-მდე შეამციროს.

"ვაშინგტონის მხრიდან ყველა სფეროში თანამშრომლობის შემცირების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დახრჩობის ფონზე, სრულიად ობიექტურად ვერ ვხედავთ ბელარუსში ამერიკული დიპლომატიური მისიის ასეთი მრავალრიცხოვანი პერსონალის ყოფნის საჭიროებას. უბრალოდ გაუგებარია, ასეთ ფონზე რა უნდა აკეთონ" - ნათქვამია განცხადებაში.

9 აგვისტოს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს ახალი სანქციები დაუწესა. ამერიკული სანქციები ვრცელდება 23 ფიზიკურ პირსა და 21 იურიდიულ პირზე. სანქციების ქვეშ მოჰყვნენ კომპანია ბელარუსკალი, ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, თამბაქოს კომპანია ნემანი და სამშენებლო კომპანია Dana Holdings-ი.

ჯული ფიშერი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და აზიის მიმართულებით მუშაობდა. ბელარუსში აშშ-ს ელჩის პოსტზე ის 2020 წლის აპრილში, ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს წარადგინეს. აშშ-ში ბელარუსის ელჩი ოლეგ კრავჩენკო უნდა გამხდარიყო, თუმცა ვაშინგტონში ჩასვლამდე, 2020 წლის დეკემბერში კრავჩენკო გარდაიცვალა.

ბელარუსმა აშშ-დან ელჩი 2008 წლის მარტში აშშ-ს სანქციების საპასუხოდ გაიწვია. მალევე აშშ-ს ელჩმა მინსკი დატოვა. 2008 წლის შემდეგ ორივე ქვეყანაში დიპლომატიურ მისიებს დროებითი რწმუნებულები ხელმძღვანელობდნენ.

კომენტარები