ვაქცინაცია

ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის მხარდასაჭერად დამატებით €35 მილიონს გამოყოფს

ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ვაქცინაციის მხარდასაჭერად დამატებით 35 მილიონ ევროს გამოყოფს. დახმარების პაკეტის 45 მილიონი ევროდან 75 მილიონამდე გაზრდის გადაწყვეტილება ევროკომისიამ 10 აგვისტოს მიიღო. დახმარების პაკეტის მიზანია, Covid-19-ის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინების მიწოდება და ვაქცინაციის დაჩქარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვასა და ბელარუსში.

ევროკავშირის მიზანია, დამატებითი 35 მილიონი ევროთი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ვაქცინებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაზარდოს და ხელი შეუწყოს ევროკავშირის ქვეყნების ვაქცინების გაზიარებისთვის.

"Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოში არნახული წნეხი შეუქმნა ადამიანებს, ჯანდაცვის სისტემებს და ეკონომიკებს. აღმოსავლეთ პარტნიორობა გამონაკლისი არ არის. ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაეხმაროს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დაჩქარებაში და ეს იქნება გადამწყვეტი პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციო-ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე". - თქვა სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰელმა.

ევროკომისიის თანახმად, დახმარების პაკეტის პირველი ნაწილი, 40 მილიონი ევრო, თებერვალში გაიცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ადგილობრივ დონეზე ვაქცინაციის პროგრამისთვის მომზადებას მოხმარდა. ევროკომისიის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გადამზადებას, ვაქცინების მიწოდებასა და ტრანსპორტირებაში ლოჯისტიკურ დახმარებას, ვაქცინაციასთან დაკავშირებული მონაცემების და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ჩართულობის საკითხებში დახმარებას და Covid-19-ის ციფრული სერტიფიკატების შემუშავებაში მხარდაჭერას.

კომენტარები