კორონავირუსი საქართველოში

დროა ხელისუფლებას: გააუქმეთ ყველა მასობრივი შეკრება, გახსენით აცრის მობილური პუნქტები

ელენე ხოშტარია
კადრი ვიდეოდან

პარტია დროა ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებისგან მოითხოვს:

  • დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც, დიდი ალბათობით, გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო.
  • გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებასაც. პარტიის ინფორმაციით, ხშირად, რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, აცრის პუნქტები შორს არის, რაც დამატებითი დაბრკოლებაა ვაქცინაციის მსურველებისთვის.

"გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ვაქცინაციის ეფექტური კამპანია, თავადვე არღვევს რეგულაციებს. ეპიდემიოლოგების მოწოდების ფონზე, რომ თავი შევიკავოთ მასობრივი თავყრილობებისგან, მთავრობა აწყობს მასობრივ კონცერტებს და მეტიც, ამაში 700 000 ლარს ხარჯავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მონაწილეობს "ქეიფში" და ამაში პრობლემას ვერ ხედავს". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

პარტია მზადყოფნას გამოთქვამს, მოქალაქეების აცრაზე რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დარეკეთ ნომრებზე  – 599 192 277; 598 642 956;

პარტია ელენე ხოშტარია – დროა უარს ამბობს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე და ყველას მოუწოდებს, კამპანია უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფით –პირბადითა და სოციალური დისტანციით ჩატარდეს. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 697 შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით დაინფიცირდა 455 846 და გარდაიცვალა 6 182 ადამიანი.

კომენტარები