დასუფთავების სამსახური

მერია: თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილსერვისჯგუფის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები.

იმ თანამშრომლების მოთხოვნის საპასუხოდ, რომლებიც არსებული ხელფასის გაზრდას ითხოვენ, მერიაში ამბობენ, რომ გასული წლის დეკემბრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით უკვე  გაიზარდა. 

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია სესხი ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება აქციის შეწყვეტის შესახებ და დაუბრუნდა სამუშაო რეჟიმს". – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

6 ივლისს თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობენ. 

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ მუშაობა გაუმართავი ავტომობილებითა და შეუსაბამო სამუშაო ფორმით უწევთ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

კომენტარები