დასუფთავების სამსახური

"გაფიცვის ორგანიზება, თანამშრომლებზე მუქარა" – მერია ბაღდავაძის გათავისუფლების მიზეზებზე

თბილისის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლების დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო არის გათავისუფლებული.

"ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.

თბილსერვის ჯგუფის მიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთაღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება". – წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაფიცვაში მონაწილე ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან დღეს, 23 აგვისტოს გაათავისუფლეს.

ბაღდავაძემ ტელეკომპანია ფორმულასთან ილაპარაკა და თქვა, რომ გადაწყვეტილება მას დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით გელოვანმა, გააცნო.

მისივე თქმით, ის მშრალი შიმშილობის დაწყებას აპირებს.

თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები 6 აგვისტოს გაიფიცნენ. აქცია რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ და შეუსაბამო სამუშაო პირობებზე საუბრობენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათ მუშაობა გაუმართავი ავტომობილებითა და შეუსაბამო სამუშაო ფორმით უწევთ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქცია ასევე გაიმართა ბათუმშიც.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები. იმ თანამშრომლების მოთხოვნის საპასუხოდ, რომლებიც არსებული ხელფასის გაზრდას ითხოვენ, მერიაში ამბობენ, რომ გასული წლის დეკემბრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები 20%-ით უკვე გაიზარდა. 

კომენტარები