საქართველო-რუსეთი

დეგნანი რუსეთის განცხადებაზე: ჯერ საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალები გაიყვანოს

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ, პირველ რიგში, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალები უნდა გაიყვანოს - მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი რუსეთის გზავნილის სერიოზულად მიღება.

"ვფიქრობ, ქართველებს რუსეთისგან მსგავსი გზავნილი ადრეც მოუსმენიათ. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, არის საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ძალების გაყვანა. ეს იქნება იმის ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი და უბრალოდ დეზინფორმაციას არ ეწევა. ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაინახონ, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აუქმებს ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარებას და დაუყოვნებლივ ხსნის წვდომას ჰუმანიტარული დერეფნებზე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის დიალოგის მექანიზმი და თუ რუსეთი გამოიყენებს ამ მექანიზმს უფრო ეფექტიანად და კეთილსინდისიერად, შესაძლოა, დავინახოთ მეტი პროგრესი ამ კონფლიქტების დარეგულირებაში". - ამბობს კელი დეგნანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრ ბიკანტოვი 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობასაც შეეხო.

ასევე ბიკანტოვმა დასავლეთს მოუწოდა, უარი თქვან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სურვილზე და თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან თანასწორი მოლაპარაკებების სტიმული მისცეს.

 

კომენტარები