ეკონომიკა

აგვისტოში ფინანსთა სამინისტრომ დამატებით 35 მილიონი ლარის ვალდებულება აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 3 აგვისტოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციებისა და ვალდებულებების აუქციონზე 35 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა. 

სახაზინო ობლიგაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდია და ის ფინანსურ ვალდებულებას წარმოადგენს. 

მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

15 მილიონი ლარის 182-დღიანი ვადიანობის ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ 22 მილიონი ლარი შეადგინა, აუქციონში მონაწილეობა კი ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. 

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.33%-ით, მაქსიმალური 9.55%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.38%-ით განისაზღვრა.

20 მილიონი ლარის ღირებულები 2-წლიანი ვადიანობის ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ კი 68.9 მილიონი შეადგინა, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. 

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.7%-ით, მაქსიმალური 8.9%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.84%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8% შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში. 


გასულ თვეს ფინანსთა სამინისტრომ 50 მილიონი ლარის ვალდებულება აიღო. 

13 ივლისს გამრთულ აუქციონზე სამინისტრომ 15 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა. 27 ივლისს კი – 35 მილიონი ლარის.

კომენტარები